logo
ENG



"გამოძიება პასიურობს" - მშვილდაძე გამოძიებას მიმართავს, არსებული ჩანაწერები სრულად ამოიღონ

04 ივლ 202317:11
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე კვლავ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რომ 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ. 

ფორმულას დამფუძნებლების ერთობლივ ბრიფინგზე მშვილდაძემ ჩანაწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ამ კუთხით პასიურობს. მისი თქმით, დღეს იწურება 48 საათი მას შემდეგ, რაც მშვილდაძემ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიიდან საგამოძიებო უწყებებს, მშვილდაძის ინფორმაციით, მხოლოდ კარფურის კამერების ჩანაწერები აქვთ ამოღებული.

მშვილდაძის თქმით, თითოეული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სრული ჭეშმარიტების დასადგენად, რადგან, მისივე თქმით, "სავარაუდოდ საქმე გვაქვს სახელმწიფოს ძალოვანი პირების მიერ დაორგანიზებულ ჯგუფურ კრიმინალთან".

"დღეს იწურება 48 საათი მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მიიღო პროკურატურამ ჩემი და ჩემი ადვოკატის ოფიციალური წერილი, რომელსაც ჰქვია დაზარალებული პოზიცია, ოფიციალური სტატუსი, რომელიც მომენიჭა, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი აღქმით მოვყვე ამბავი და რადგან ვარ დაზარალებული, ამას აქვს ოფიციალური ძალა, რომ ეს ვერსია იქნას შესწავლილი. გამოძიებას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დაზარალებულის სტატუსი მფლობელი აღძრავს ეჭვებს.

რამდენიმე დღეა ჩვენ ტელევიზიითაც ვსაუბრობდით ამაზე, თუ ვინ არიან კონკრეტული ფიგურანტები, ვინც გამოიკვეთნენ კამერის ჩანაწერებში, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ. სამწუხაროა, რომ გამოძიებაზე აქტიურები ვართ ჩვენ და ნელ-ნელა მიჩნდება ეჭვი, რომ აქ ყველაფერი არ ხდება პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტით და ძალიან მინდა, რომ უახლოეს საათებში ამ ეჭვების გაფანტვის მიმართულებით რამე გააკეთოს გამოძიებამ.

დღესაც იგივე ვითარებაა, რომ ეს აღქმული იქნება, როგორც საქმის გაყალბების მცდელობა და დანაშაული და ყველა, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, კადრების დაფარვის ფორმით, არ ვიცი, სხვადასხვა გზით ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, მინდა იცოდეს, რომ სჩადის დანაშაულს და ეს არის აბსოლუტურად ნათელი და აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით გამოძიებას და პროკურატურას, მითუმეტეს, რომ იწურება 48 საათი, ყველა წესით და რიგით, ჯერ კიდევ დღესაც და ხვალაც უნდა იყოს ყველა კამერების ჩანაწერები შენახული, თუ არადა ამაზე უნდა გეზრუნათ აქამდე, რომ არავის არაფერი წაეშალა.

ბოდიში მეგობრებო, ხანდახან ძალიან ელემენტარული რაღაცების ახსნა თუ მიწევს ხოლმე, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩემი ინფორმაციით, ამოღებულია მხოლოდ კარფურის კამერები და ისიც, ამოღებულია თუ არა, არ ვიცით და გამოძიება ძალიან პასიურობს, ჩემი შეგრძნებით. იმიტომ რომ მე და ვახომ გაცილებით მეტი ვიცით ამ საქმეზე, ვიდრე ჩემმა გამომძიებელმა, ვურეკავ და ვუყვები ხოლმე და მის პასუხებზე ვგრძნობ, რომ ცოტა ვერ ხვდება ხოლმე ზუსტად რას ვეუბნები, არ არის  ბოლომდე გარკვეული და ძალიან მინდა ვთხოვო, რომ ეს ეჭვები გამიქარწყლდეს, იმიტომ რომ ჩემი ეჭვები არის დაზარალებულის ეჭვები და არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეჭვები, თუკი რაიმე შეიძლება არსებობდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი ეჭვი არსებობს და მათ შორის, ეჭვები აქვს აშშ-ის და დიდი მადლობა ელჩს ამის დაფიქსირებისთვის.

ყველას დიდი მადლობა და მოვუწოდებ, თუ ვინმე აკვირდება, რომ არ შეიკავონ თავი და თითოეული დახმარება ამ საქმეზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სრული ჭეშმარიტების დასადგენად, რადგან სავარაუდოდ საქმე გვაქვს სახელმწიფოს ძალოვანი პირების მიერ დაორგანიზებულ ჯგუფურ კრიმინალთან და ეს არის ალბათ ყველაზე მდაბიო დანაშაული, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს სახელმწიფომ და აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ასეთ ქმედებებს იმასთან, როგორ ქვეყანაში ცხოვრებაც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოგვწონს ან არ მოგვწონს ან ჩემს მიმართ ვის რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა მშვილდაძემ ბრიფინგზე.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა